ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს, სანქციების ახალი პაკეტი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა.
დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა.
ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის, Bloomberg წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.
როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.