მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ ბლოკადის გამო, მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, რაც პროდუქტზე წვდომაში ბევრ დაუცველ ქვეყანას ხელს უშლის. იტალიელი დიპლომატის აზრით, ეს ნიშნავს, რომ აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ჩვენ ვართ აფრიკაში პოლიტიკური არასტაბილურობის, ტერორისტული ორგანიზაციების გავრცელების, გადატრიალების საფრთხის წინაშე. ეს შეიძლებ,ა გამოწვეული იყოს მარცვლეულის კრიზისით, რომელსაც ჩვენ განვიცდით", - აღნიშნა დი მაიომ.

მისივე თქმით, უკრაინის პორტებში რუსული ხომალდების მიერ 30 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი.

დი მაიომ დაამატა, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან პირველი შეხვედრა სურსათის უვნებლობის შესახებ სამშაბათს, 6 ივნისს გაიმართება.

იტალიამ უკრაინას ხორბლის ტრანსპორტირებისთვის „საზღვაო დერეფნების“ შექმნა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პუტინს მოუწოდა, განბლოკოს მარცვლეულის ექსპორტი როგორც შავი ზღვის, ასევე, აზოვის ზღვის პორტებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, რომელიც რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს. პუტინმა დრაგის მოწოდების შესრულების პირობად სანქციების მოხსნა მოითხოვა.

ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.