„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აქტიურად იმუშავებს უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებულია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სენეგალში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი არ შეფერხდეს. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ ვალდებულები ვართ, მცდელობა არ დავაკლოთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.