მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა

თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.

გზამკვლევი რუკა, მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე უახლოეს დღეებში გამართავს შეხვედრას სტამბოლში, რათა განიხილონ საგზაო რუკის დეტალები. ოთხმხრივ ფორმატში დაგეგმილია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: მარშრუტი, დაზღვევა, გემების უსაფრთხოება, პორტების განაღმვა, ასევე სამეთაურო ცენტრის შემადგენლობა.

მედიის ცნობით, ამ მექანიზმის წყალობით, რომელიც ასევე დადებითად აღიქმება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში, შესაძლებელი გახდება შავი ზღვის პორტების მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება ნაღმებისგან და მარცვლეულის მარაგების მიწოდება საგარეო ბაზრებზე. სტამბოლში იგეგმება რუსეთისა და უკრაინის ურთიერთქმედების მარეგულირებელი ცენტრის შექმნა. ამ პროცესში შუამავალია თურქეთი, ხოლო კოორდინაციას გაერო ახორციელებს. ამ ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე.

მანამდე მარცვლეულის დერეფნის საკითხი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდნტებს შორის სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის პორტებიდან თურქ პარტნიორებთან კოორდინირებულად საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს, [მათ შორის მარცვლეულს] ხელი შეუწყოს.

თურქული მედიის ცნობით, ზელენსკისთან საუბარში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის პროექტს. კერძოდ, ერდოღანმა გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება თურქეთის მონაწილეობის მიმართ მონიტორინგის ცენტრის ზონაში, რომლის შექმნაც რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მონაწილეობას ითვალისწინებს.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.