მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში სებ-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან, ანუ 3%-თან ახლოს 2023 წლის შუა პერიოდში მივა.

„ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისათვის არსებულ ინფორმაციას. თუ ახალი შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც დღეს შეუძლებელია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მომავალი წლის შუაში მივა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა.

ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.