ლიეტუვის ელჩი: ვგმობ აღმაშფოთებელ შეურაცხყოფას ჩემი კოლეგების მიმართ

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ფაქტს გმობს.

„მინდა, გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ“, - განუცხადა ანდრიუს კალინდრამ მედიას.

ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მათ შორის არიან „ალტ-ინფოს“ წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს.