ნათია თურნავა: ინფლაციას მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია თურნავა თვლის, რომ ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას, მან მაღალი ინფლაციის მიზეზები დაასახელა. „პანდემიის დროს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ე.წ ლოკდაუნები იყო გამოყენებული, შეიქმნა გადადებული მოთხოვნის ფენომენიც. ანუ ადამიანები არ ხარჯავდნენ და ვერ ხარჯავდნენ დანაზოგს და თანხებს იმდენად, რამდენადაც ეს ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდებოდა, და უკვე აღდგენის პერიოდში ამ გადადებულმა მოთხოვნამაც მოახდინა ფასებზე ზეწოლა. ასე იწყებოდა ინფლაცია, შემდგომში, ამას დაემატა კიდევ ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებები და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც უფრო ევროპული ქვეყნების და ჩვენი რეგიონის ინფლაციაში შეიტანა თავისი წვლილი“, - განაცხადა თურნავამ. 

ამასთან ნათია თურნავა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე საერთაშორისო ფაქტორები მოქმედებს, მარეგულირებელმა ორგანომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უნდა იმუშაოს. „ეროვნული ბანკი ფასთა დონეს და ინფლაციას აკონტროლებს და მის ნორმალიზაციაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა ამ კუთხით ძალიან მაღალია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან სპეციფიკურ გარემოში ვართ, როდესაც ინფლაცია გამოწვეულია ტრადიციული ფაქტორებით, როგორებიცაა ეკონომიკის ციკლურობა, ე.წ. ეკონომიკის გადახურება და ფასებზე ერთობლივი მოთხოვნის ზემოქმედება ფასებზე, რომელზე მონეტარული ბერკეტები მოქმედებს. ამავე დროს არსებობს ეგზოგენური ფაქტორები, რომელზეც გავლენას არა თუ ეროვნული ბანკი, არამედ ეროვნული მთავრობებიც ვერ ახდენენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება მათი მოქმედების შერბილება. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით ამ ამოცანის მიღწევას 100%-ით შეძლებს. ღრმად მჯერა, რომ ასეთ სპეციფიკურ გარემოში ინფლაციას მხოლოდ კომპლექსური პოლიტიკის ზომები შველის“, - განაცხადა თურნავამ.


შეგახსენებთ, რომ უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა.

ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.