თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარებაში წვლილის შეტანა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.
„ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებისთვის საჭიროა, გავამყაროთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კავშირები მიმდებარე რეგიონებთან. ამ კონტექსტში სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ინიციატივა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხების განხილვას აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და, როგორც ვთქვი, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ამასთან, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთს აზერბაიჯანთან განსაკუთრებით მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანის ისტორიული მიწების დეოკუპაციის წყალობით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის პირობები შეიქმნა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა პარტნიორობის დონეზეა.
მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით, სხვა სფეროებთან ერთად ლოგისტიკა და ენერგეტიკა თურქეთისთვის წარმატებულ სფეროდ რჩება. ამასთან, თურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვიზიტი თურქეთში.