პოლონეთმა უკრაინასთან 2,7 მილიარდის PLN (დაახლოებით 650 მილიონი დოლარი) ღირებულების თავდაცვის კონტრაქტი გააფორმა, რაც კიევისთვის თვითმავალი ჰაუბიცების მიყიდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო აქტივების მინისტრმა იაცეკ სასინმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ახლა ჩვენ ვაფორმებთ ერთ-ერთ უდიდეს თუ არა, ყველაზე დიდ თავდაცვის კონტრაქტს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არის იარაღის მიყიდვა უკრაინელებისთვის, უკრაინაში", - განაცხადა მორავეცკიმ.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იარაღი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბრძოლის ველზე. მორავეცკის თქმით, უკრაინა ამ იარაღის შესაძენად თანხებს ნაწილობრივ ევროკავშირიდან და ნაწილობრივ საკუთარი ბიუჯეტიდან იღებს. თავის მხრივ, სასინმა, აღნიშნა, რომ კონტრაქტი პოლონეთისთვის რეკორდულია.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიაში ასეთი კონტრაქტი არ გაფორმებულა“, - განაცხადა იაცეკ სასინმა.
კითხვას, არ აპირებს თუ არა უკრაინა პოლონეთიდან Piorun MANPADS-ის (ადამიანის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები) დამატებითი პარტიების შეძენას, ბლაშჩაკმა უპასუხა რომ „უკრაინელები დიდად აფასებენ ამ იარაღს“.
აქვე დაადასტურა ამ სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდება უკრაინაში და აღნიშნა, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო MANPADS-ებს საკუთარი არმიისთვის შეუკვეთავს.