ევროკავშირმა ერთად უნდა იმუშაოს სანქციების მეშვიდე პაკეტის დასამტკიცებლად, რომელიცრუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვასაც უნდა მოიცავდეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ სამშაბათს ვარშავაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შალენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ენერგორესურსებისგან ევროპის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“. თუმცა რაუმ ამას არასაკმარისი ნაბიჯი უწოდა და მოუწოდა, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა სანქციების მეშვიდე პაკეტზე.
მინისტრის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, სანქციები უნდა მოიცავდეს „რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვას და ყველა რუსული და ბელორუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას.
უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, ხაზგასმით აღნიშნა რაუმ.
„ამიტომ, ჩვენ ველით დადებით რეკომენდაციას ევროკომისიისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა რაუმ.