მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

მსოფლიო ბანკის, ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომკის მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა. 

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონალური, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. 

საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით: 

  • საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით.
  • ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით.
  • საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
  • უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი; 
  • ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას;
  • COVID-19 -ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში;

რეგიონული ხედვები: 

აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები:  პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა რეგიონში 4.4 %-მდე შემცირდება სანამ 2023 წელს 5.2%-ს მიაღწევს. 

ვროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2.9%-ით  შემცირდება 2022 წელს, სანამ 1.5%-ს მიაღწევს 2023 წელს.

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-მდე შემცირდება 2022 წელს და 2.1-მდე 2023 წელს. 

ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: წელს მოსალოდნელია  ეკონომიკური ზრდის დაჩქარება 5.3% -მდე, სანამ 2023 წელს ადგილი ექნება 3.6% -მდე შენელებას. 

სამხრეთ აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 6.8%-მდე შენელდება, 2023 წელს კი 5.8%-მდე. 

საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები:  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.7 %-ს მიაღწევს 2022 წელს და 3.8% -მდე გაიზრდება 2023 წელს.