8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების ნება ორივე მხრიდან იგრძნობა.
ჩავუშოღლუმ ლავროვს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. თურქული სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს გაეროს მიზანს, შექმნას გონივრული და განხორციელებადი გეგმა მარცვლეულის ექსპორტის განსაახლებლად.
„ჩვენ ვსაუბრობთ გეგმაზე (ე.წ. საკვების დერეფნის შესახებ), რომელიც მოიცავს მექანიზმს და თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება, შედგეს გაეროს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის და რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გემების ზედამხედველობას“, - განმარტა ჩავუშოღლუმ.
„თუ ამ გეგმას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, თურქეთს შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას სტამბოლში და დეტალები განიხილოს ყველა მხარესთან“, - დაამატა უმაღლესმა დიპლომატმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ, მარცვლეულის ექსპორტის დასახმარებლად, „ლეგიტიმური“ უწოდა, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება.
ჩავუშოღლუს თქმით, აუცილებელი ზომები უნდა იყოს მიღებული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, ასევე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საბანკო ოპერაციების დაზღვევის უზრუნველსაყოფად.
თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შეშფოთებაზეც მიუთითა. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით თურქეთის ძალისხმევას აფასებს.
მისივე განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ უკრაინის პორტებში ნაღმების გაწმენდას მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, სტამბოლში გაეროსთან და უკრაინასთან შეხვედრისთვის, თუმცა ასეთი შეხვედრა „სხვა არაფერი იქნება, თუ არა სიმბოლური“.
დღესვე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ 3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
„ჩვენ ასევე ვაფასებთ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ რუსეთს, ჩვენ მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.
„თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა.