კარლ ჰარცელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები დიპლომატიურ საზოგადოებას აცნობოს
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები დიპლომატიურ საზოგადოებას აცნობოს. ამის შესახებ ელჩი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.
- ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას
- საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებულად მიღებას, სათანადო ანალიზის გარეშე - კარლ ჰარცელი
„ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, 2021 წლის ივნისში, ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე, საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავდა.
- ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისში სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- ელჩები აცხადებენ, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს