მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი

მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროა, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა.

„რამდენიმე თვის წინ, ამ შენობაში ჩვენ ძალიან დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რამდენიმე კვირის წინ კარგი დისკუსია გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ვაღიარეთ მოლდოვის მიღწევები ევროინტეგრაციისკენ. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მე არ ვიყავი რეზოლუციის ინიციატორი, არ განვიხილავდი ამას სასწრაფო საკითხად. თუმცა, მე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ საქართველოში არსებობს პრობლემები, რომლებიც მე ასევე აღვნიშნე, როგორც ევროკავშირის – საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, დაკარგა მისი ტემპი და მტკიცე ერთგულება დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მე მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციიდან, მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროა. შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ამას მოელის თქვენგან ქართველი ხალხი“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.


ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.