სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 20 ივნისიდან სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი 200-ლარიანი საფასური, 350 ლარამდე იზრდება.

ფინანსთა სამინისტრო სატრანზიტო ტრანსპორტისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის გაძვირებას განმარტავს.

“როგორც ცნობილია, გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200) ლარი მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტრუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე”,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.


2021 წელს, საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.


 საქართველოში გზათსარგებლობის საფასური 12 წელია არ შეცვლილა.