აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველომ გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა NATO-სთან თავსებადობის ზრდა და პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა.

მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველომ NATO-ს მადრიდის სამიტზე გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს, რაც მოიცავს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას.

მინისტრის განცხადებით, NATO-სთან ურთიერთობები ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შედეგებს დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორები. „ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი, რომელიც NATO-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია და მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB Trust Fund) ფარგლებში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მილიონ ევროს ღირებულების ფინანსური რესურსია მობილიზებული.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება საქმიანობა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და როლის გაზრდის მიმართულებით, ასევე, შენარჩუნდება მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობა, რათა NATO-ს დღის წესრიგში აქტუალურად იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, NATO-ში გაწევრიანებისა და NATO-ს ღია პოლიტიკის მხარდაჭერის საკითხი.

მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რანგში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს ოთხჯერ ესწრებოდა და შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.