ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს. ამის შესახებ Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინას სავარაუდოდ გარკვეულ პირობებს წაუყენებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. გამოცემის ცნობით, ევროკომისიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია.
რაც შეეხება უკრაინისთვის ამ სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ. ამასთან, სააგენტოს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან დანია და ნიდერლანდები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა მზად არ არის. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, იტალია მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის უპირობოდ გადაცემას, ხოლო გერმანია გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.