ჩვენი მთავარი მიზანია სხვა მეზობლების მოზიდვა და იმ ქვეყნების პატარა კავშირის შექმნა, რომელთაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ - თურქეთის ელჩი

„ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ნამდვილად არიან ევროპული ქვეყნები.

„ჩვენს რეგიონში თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი. მჯერა, რომ ჩვენ [თურქეთი და საქართველო] დავიმსახურეთ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ამ მოლოდინში საჭიროა ჩვენს ქვეყნებში განვავითაროთ ეს მოდელი და დავიწყოთ მისი განხორციელება. ეს პროცესი უკვე დავიწყეთ კიდეც ჩვენ ქვეყნებს შორის საზღვრების მოხსნით. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ პასპორტისა და ვიზის გარეშე გადასვლა, ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა IPN-ის ცნობით.