„მოხარული ვარ, რომ აქ თქვენთან ერთად აღვნიშნავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ისევე როგორც ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს. დღეს, ასევე განსაკუთრებით მოხარული ვარ, მივესალმო საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვაშინგტონში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდიმ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ასევე, აშშ-თან 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას მისი აღდგენის დღიდან. შემდგომში კრემლის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა გამძლეობა და მონდომება ქვეყნის თავისუფლების შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად იდგა ამ გზაზე აღმავლობისა თუ სირთულეების პერიოდში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო რამდენიმე თვემ მთელ მსოფლიოს შეახსენა კრემლის სისასტიკე და საერთაშორისო წესრიგის წესების აშკარა უგულვებელყოფა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამ რეალობით ცხოვრობდა წლების განმავლობაში, რაც 2008 წლის ომმა მკაფიოდ აჩვენა.
ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რაც გამოიხატა უკრაინის მიმართ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ხალხი და მთავრობა დარჩნენ ერთიანები და გამოხატონ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დაყოფა მხოლოდ კრემლს მოუტანს სარგებელს, რადგან რუსეთი განაგრძობს არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ახორციელებს აგრესიას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პრიორიტეტი მიანიჭოს დემოკრატიის გაძლიერებას, კანონის უზენაესობას დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მედიის თავისუფლებას. ეს არის ნაბიჯები თქვენი ევროატლანტიკური მომავლისკენ და ეს ნაბიჯები აძლიერებს თქვენს მდგრადობას კრემლის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციაში და ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და უფრო განვითარებული. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბევრი სამუშაო რჩება. შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს დემოკრატიული და განვითარებული მომავლისკენ. ამიტომაც იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ცოტა ხნის წინ თბილისში და ამიტომაც მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს“, - განაცხადა კარენ დონფრიდიმ „იმედის“ ცნობით.