"თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება", - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა".
"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა.
გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - განუცხადა ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსს".
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება
- ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად