თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.
„დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი დღეს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.