14-19 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სახელმწმიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამივე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მხარდაჭერას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, ასევე - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი გზები.
კარენ დონფრიდი ასევე ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების მზადყოფნას, დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარების მხარდაჭერის გზით მთელ რეგიონში.
კარენ დონფრიდი 15 და 16 ივნისს ეწვევა აზერბაიჯანს, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე დააფიქსირებს აშშ-ის მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ძალისხმევისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და მადლობას გადაუხდის აზერბაიჯანს უკრაინისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ამასთან, კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს პარტნიორობას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის, ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან ბრძოლის, ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტირების მიმართულებით.
17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.
დონფრიდი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ კრემლის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით წინსვლის, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის შენების საკითხში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 18 ივნისს გაემგზავრება სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ.
„კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენს ორმხრივ ერთგულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.