საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭისყრა კვირას, დილის 8 საათზე დაიწყო. საერთაშორისო მედია წერს, რომ ხელახლა არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უმრავლესობის მოსაპოვებლად დიდი შანსი აქვს, მაგრამ მემარცხენე პარტიების ალიანსის - სოციალისტების, მწვანეების, კომუნისტებისა და საფრანგეთის დაუმორჩილებელი პარტიების მხრიდან მკაცრი კონკურენცია ელის.
577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი. პირველ ტურში ადგილების მოსაპოვებლად 6293 კანდიდატი იბრძვის, მეორე ტური კი ერთი კვირის შემდეგ, 19 ივნისს გაიმართება.
ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება. მეორე ტურში გასვლა შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ მცირე 12,5%-ის მხარდაჭერას მოიპოვებს.