უკრაინაში ომის დასრულების შესახებ NATO-მ რუსეთთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს - ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ვეი ფენგე თვლის, რომ NATO-რუსეთის მოლაპარაკებებს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება. შესაბამისი განცხადება ფენგემ სინგაპურში „Dialogue Shangri“-La-ს კონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ უნდა გამართონ მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა „რაც შეიძლება მალე შეიქმნას პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის“.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთს არ ჰქონია რაიმე სახის პაქტი რუსეთთან.

„ეს არის პარტნიორობა და არა გაერთიანება. ურთიერთობები რუსეთთან გაგრძელდება. ჩვენ რუსეთს არ გავუწიეთ რაიმე სამხედრო ან მატერიალური მხარდაჭერა [უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს]", - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ფენგეს გამოსვლები ძირითადად ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ეხებოდა.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგა, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობა პეკინის სამხედრო პასუხს გამოიწვევს.

თავის მხრივ, ოსტინმა განაცხადა, დაძაბულობა ძალის გამოყენებით არ უნდა აღმოიფხვრას.