"მოვუწოდებთ მთავრობას, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია დაყოვნების გარეშე მოახდინოს"

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, წინასაარჩევნოდ კიბერუსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. როგორც მან კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც დღეს ამ თვალსაზრისით არსებობს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობა მივიღე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმში, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თითოეული მათგანი კიბერუსაფრთხოებას და ამ კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებას, ასევე იმ მიმართულებით მუშაობას, რაც გულისხმობს კიბერ-ქსელების, ინფორმაციის დაცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, რათა თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს, როცა საარჩევნო უბანზე წავა და ხმას მისცემს, მისი ინფორმაცია დაცული იყოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაყოვნების გარეშე მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემები, რათა კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საფრთხეები იარსებებს",-განაცხადა დეგნანმა.