აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს სტუმრობდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.
ამერიკის საელჩოს განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების შემოსვლისთვის მუშაობით შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.
საელჩოს შეფასებით, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია და აჭარაში ყველაზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს.
„ტერმინალში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, როგორ უკვალავს მსგავსი ინვესტიციები გზას სხვა ამერიკულ ბიზნესებს, რომ დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და გამოიყენონ მისი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და კომერციული ჰაბის პოტენციალი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გასული წლის ივნისში გაიხსნა.
უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა.
აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალს 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავება შეუძლია.