კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს – ძალა ერთობაშია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ახლა დაპირისპირების დრო არაა და ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს.

„ახლა არ არის ჩხუბისა და დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ამ ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს. უნდა გაერთიანდეს ქვეყნის ინტერესების, უკეთესი მომავლის, სტაბილურობისა და წარმატების გამო. ერთობა არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში დაპირისპირების გადადება. იმედი მაქვს, რომ ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს, რაც მდგომარეობს შემდგომში - ძალა ერთობაშია“, - აღნიშნა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩს ჟურნალისტებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შეფასება სთხოვეს, რომელიც მან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე არ ისაუბრებს.



28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.