თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საქარიას საბადოდან გაზი თურქეთის მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე დღეში დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის წარმოებაა შესაძლებელი.
პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გეგმავს საქარიას საბადოდან 2026 წლისთვის ბუნებრივი აირის მოპოვების მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს. ამასთან, განაცხადა, რომ ანკარა ენერგეტიკას რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად განიხილავს და არა როგორც „დაძაბულობისა და დაპირისპირების ასპარეზს“.
მან თურქეთის მიერ შავ ზღვაში გაზის საბადოს აღმოჩენას ისტორიული მოვლენა უწოდა, რომელიც მთლიანად ქვეყნის შიდა რესურსების ხარჯზე განხორციელდა. საწარმოო სისტემა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე წყლის ქვეშ შეიქმნება, თავდაპირველად 6-10 ჭაბურღილს დაუკავშირდება. ამ ჭაბურღილების დღიური ხარჯი 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება. უკვე 2023 წელს, ეს მოცულობები თურქეთის გაზის გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება. წლიური წარმოების მაჩვენებელი სავარაუდოდ 3,5-4 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს.
მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი.
თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.