"ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე.
„მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, - განაცხადა ნარმანიამ.