თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა რეაბილიტირდება ისე, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება.
„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოს წარმოების პერიოდში, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.
მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ყველაფერი, როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე, საკანალიზაციო წყლის მილები, გაზის მილები, ყველაფერი იქნება გამოცვლილი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი, ახალი განათების ბოძები, LED სანათები მოეწყობა. ასევე, საფეხმავლო ტროტუარები მოეწყობა, რომ ადამიანმა გადაადგილება ნორმალურად შეძლოს. ახალი მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები გაჩნდება. ყველაფერი გაკეთდება, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო ზოლი გამოიყოფა, ველობილიკი გაკეთდება, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები დამონტაჟდება და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის,“ - განაცხადა კალაძემ.