საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მის უცხოეთში ვიზიტებზე საუბრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში არსებული სურათი საქართველოსთან დაკავშირებით, უარყოფითად შეაფასა.
„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის შეფასებით, გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ზურაბიშვილი თვლის, რომ ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ რეზოლუციის მომზადებაში.
პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიცია თავისი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას, ან პარტიას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია და ამის ნაცვლად „ხან დუმილი, ხან სერიოზულ კითხვებზე შეურაცხმყოფელი პასუხები არჩია“, რის გამოც „შესაბამისი შედეგიც მიიღო“.
ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, შესაბამისად, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი.
„უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველიც ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. ეს არ წარმოადგენს არც ჯერ გადაწყვეტილებას და არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს ასევე არ წარმოადგენს განაცხადი, რომ უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმის სანქციები. ეს ბუნდოვანება ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს მათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან. ამ დანაშაულზე კონსპირაციული თეორიებით და ანტიევროპული განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, საკუთარი დაუდევრობის გადაბარების მცდელობაა, თითქოს, მე დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ ამ საკითხს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ბრიუსელში საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა.
„როგორც მოგეხსენებათ დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. ერთი მხრივ იტალია, სადაც მქონდა არაჩვეულებრივი მიღება და საქართველოსთვის არაჩვეულებრივი მხარდაჭერა იტალიისგან, სადაც გაიმართა სახელმწიფო ვიზიტი 25 წლის შემდეგ პირველად, სადაც ხელი მოეწერა 65 წლის წინ 1957 წლის 25 მარტს რომის ტრაქტატებს. ქვეყანა, სადაც ამგვარად დაიბადა ევროპა და საიდანაც იშვა ევროპული ცივილიზაცია, დაიწერა პირველი კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. ამგვარად ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ამ ჩვენი ევროპული გზის გადამწყვეტ ეტაპზე.
მეორე მხრივ, ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო. მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც, ჩემი აზრით, იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.