შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები – 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ბ.-მ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისსა და კახეთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. პოლიციამ გ.ბ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ქ.ხ.-ს და თ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს.