საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის მოსმენის შემდეგ პრეზიდენტთან შეკითხვები აქვს.
„იყოს საკითხები, რომლებშიც პრეზიდენტს ვეთანხმები. თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რისი მიღებაც, მისი აზრით, იყო გაუმართლებელი, შეეძლო ემოქმედა, მაგალითად, ვეტო დაედო, ან შეწყალების უფლება გამოეყენებინა. მივმართე კიდეც. მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა.
მე მაქვს მასთანაც კითხვები - მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც აქვს, ვფიქრობ, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა სახალხო დამცველმა მედიასთან.
14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და განაცხადა, რომ ბრიუსელში მას გაფუჭებული საქმე დახვდა. პრეზიდენტის შეფასებით, გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ზურაბიშვილი თვლის, რომ ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც რეზოლუციის მომზადებაში მონაწილეობდნენ.