ირაკლი კობახიძე: კიდევ კარგი, ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს, „ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგით გამოეხმაურნენ. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი ოპოზიციის „მესიჯბოქსით“ საუბარში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ“.

„ქალბატონი სალომეს განცხადებებზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, თუმცა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და აქედან გამომდინარე, ძალიან მოკლედ შევეხებით მისი გუშინდელი ბრიფინგის რამდენიმე პასაჟს. დავიწყებთ საერთო შეფასებით და ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არა აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ, ვციტირებ, „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო. თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი, ადეკვატურობას მოკლებული განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ.

ამასთან, საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე დაუსაბუთებელი ბრალდებები. გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სამართლიან კრიტიკას ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა.

როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა. არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა.

კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას.

რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას, კობახიძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ.

„ეს არის მაგალითად დანილოვის ცნობილი ციტატა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც მიგვაჩნია“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ფრონტის გახსნის სურვილი აქვს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არ იცის, თუმცა „ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება, ვინმემ ამაში ჩაითრიოს“.

„ორიოდე კვირის წინ, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა; საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა.

ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად.

სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს, საბედნიეროდ“.

„გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას.

მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვება ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჰაერიდან არაფერია მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის.

40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია და ასეთ დროს ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, რა კრიტიკას უძლებს ეს. ფორმალური მთავარსარდალია, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.