„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის შეთავაზებას არ იღებს და ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას არ გეგმავს. პარტიის პოზიცია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ იმით ახსნა, რომ „ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს“. ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მათ „ომის პარტიასთან“ ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ამ აქციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა - რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.
ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს.
დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს.