საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გამართულ ყველა აქციაზე მისვლას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ომბუდსმენი თვლის, რომ ამ მხარდაჭერის დასაფიქსირებლად საზოგადოებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.
„ახლა არ არის დრო საზოგადოების დაყოფის. მე პირიქით, მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველგან, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ, ალბათ, ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ. ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა.
ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს.
შეიძლება, უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო. დღეს არის ის მომენტი, როდესაც საზოგადოებამ არ უნდა დაიზაროს თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა არცერთ ფორმატში", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ორი აქცია დაანონსდა. 20 ივნისის აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით ჩატარდება. 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა, თავად კი, საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრების თხივნით მიმართა, თუმცა „სირცხვილიამ“ პრეზიდენტის მოწოდებას აქციის გადადების შესახებ, მალევე უარით უპასუხა.