ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
"ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას.
ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.