ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე სწრაფი პროგრესი საქართველოს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა რეფორმების ტემპი ეცემა. მარინა კალიურანდი ამბობს, რომ უკრაინის მიმართ სიმპათია იგრძნობა.
„ვგრძნობ, რომ უკრაინის მიმართ არის სიმპათია, ამას ვხედავ დერეფნებში, სამუშაო კაბინეტში, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა განცხადებებში. ვფიქრობ, უკრაინას გარკვეული უპირატესობა აქვს. შესაბამისად, უკრაინისთვის უფრო მარტივი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება, მე ვისურვებდი, რომ სამივე ქვეყანას მისცენ სტატუსი, მაგრამ სამივე ქვეყანას ჰქონდეს პირობები - რაც შეეხება საქართველოს, ყველა პირობა უნდა იყოს შესული, რასაც შარლ მიშელის შეთნხმებაში იყო გათვალისწინებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე სწრაფი პროგრესი საქართველოს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა რეფორმების ტემპი ეცემა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ის საკუთარ თავს და მის ფრაქციას საქართველოს მეგობრად განიხილავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს ყოველგვარი ბალანსის და კრიტიკის გარეშე.
„ეს არის მეგობრობის ძალა - როდესაც საჭიროა, მხარი დაუჭირო, მაგრამ იყო კრიტიკული, როდესაც საჭიროა. ასე რომ, მოვუწოდებდი ქართველ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ კრიტიკას, რომელიც ევროპარლამენტიდან და სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მოდის. ჩვენ გამოვთქვამთ კრიტიკას იმის გამო, რომ თქვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები გახდეთ.
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ევროკომისია, მას ექნება რჩევის სახე, მაგრამ გავლენას რა თქმა უნდა მოახდენს საბჭოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. კომისიის რეკომენდაცია ფაქტებს დაეყრდნობა. რაც შეეხება საბჭოს, ის აბსოლუტურად პოლიტიკურ ფაქტორებს ეყრდნობა - ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა დაუჭიროს გადაწყვეტილებას მხარი, ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ასე რომ, დღეს არ ვიცი, იქნება თუ არა კონსენსუსი ამ საკითხზე და გაითვალისწინებენ თუ არა გარკვეულ ფაქტორებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არ შეცვლის თქვენი ხალხის ნებას, რადგან თუ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო, მაშინ ხალხმა უნდა იბრძოლოს, იყოს თანმიმდევრული და აიძულოს მთავრობა, გაატაროს დემოკრატიული მთავრობა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ტვპირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.