ევროპის მოედანზე, სადაც შეკრებისკენ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზოგადოებას ორი დღის წინ მოუწოდა, მოქალაქეები მიდიან. აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც, ამერიკის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები.
„დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მედიასთან.
„გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში“, - განაგრძო ზურაბიშვილმა.
„დღეს მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ - ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოეხატათ - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის წყნარად. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათა შორის, აქ თქვენთვის შეიძლება, მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსულები, რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მე აქ არ ვარ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ.
დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან, შემდგომ სხვა ადგილიდანაც თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს. არაფერს ველოდებოდი ამ აქციისგან, ვთქვი გარკვევით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, შეუერთდება თუ არა პრეზიდენტი 20 ივნისს დაანონსებულ აქციას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე“.
პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო და განაცხადა, რომ 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავდა.