აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიიღეს ცნობები იმ ამერიკელების შესახებ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში გაემგზავრნენ. დეპარტამენტში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. აშშ კონტაქტშია „სხვა პარტნიორებთან“, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან.
„არსებობს ცნობები კიდევ ერთი ამერიკელის შესახებ, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია. ამ საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ამ საქმის სრული დეტალები“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე.
პრაისმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტი კავშირშია უკრაინაში მყოფი ორი სხვა მოქალაქის ოჯახებთანაც, ასევე, უკრაინის ხელისუფლებასთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, მაგრამ ისინი ასევე ვერ ადასტურებენ ცნობებს, რომ ეს ორი მოქალაქე დაატყვევეს. ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში თანმდევი საფრთხის გამო, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიმდინარე აგრესიით“, - აღნიშნა პრაისმა.
პრაისმა დაამატა, რომ აშშ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამერიკელ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რუსეთთან კონტაქტში არ არის, რადგან მათ ჯერ არ აქვთ „სარწმუნო საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ რუსებმა ისინი დაატყვევეს და ასევე იმიტომ, რომ რუსეთს თავადაც არაფერი განუცხადებია ამის შესახებ.
„თუ ჩვენ ვიგრძნობთ, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს მეშვეობით ან სხვაგვარად, ასეთი კონტაქტი პროდუქტიული იქნება, ამ პირების ადგილსამყოფელის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიების მიზნით, ჩვენ ამას არ მოვერიდებით“, - თქვა პრაისმა.