კობახიძე მაკრონის განცხადებაზე: გეოგრაფიასთან დაკავშირებული რიტორიკა ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება, დღეს კანდიდატის სტატუსი, ხვალ კი, წევრობა შეაფერხოს

ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, არის გეოგრაფია, როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

შეკითხვაზე, რაზე მიანიშნებს ემანუელ მაკრონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სხვა გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეშია, რატომ აღარ ახსენებენ ევროპელი ლიდერები საქართველოს უკრაინა-მოლდოვასთან ერთად და ხომ არ ჩნდება „ასოცირებული ტრიოს“ დაშლის საფრთხე ბოლოდროინდელი გზავნილების გათვალისწინებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სქემა იქმნებოდა, საქართველოს თავდაპირველად, სწორედ გეოგრაფიული მოტივით ეთქვა უარი, თუმცა შემდეგ საქართველო გახდა ამ სქემის შემადგენელი ნაწილი.

„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.

ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“. 

„არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა