ნინო ლომჯარია: არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სახალხო დამცველს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როდის გვაქვს მიმართვა გაკეთებული პენიტენციური სამსახურისთვის, პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით: როდესაც იყო ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისი მკურნალობის შესაძლებლობაც საქართველოში არ იყო. ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკული პაციენტებია. შესაბამისად, სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ რომ ასეთი რეკომენდაცია გავცეთ, დადასტურებულად უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია საქართველოში მისი მკურნალობა. პენიტენციური სამსახური უნდა ეცადოს, მას შესთავაზოს საქართველოში ადეკვატური მკურნალობის სერვისები და საშუალებები, თუ ეს არ იქნება შესაძლებელი და მისი მდგომარეობა დამძიმდება, მე, როგორც უფლებადამცველს, უკვე შესაძლებელია, განვიხილო ალტერნატიული ვერსიები, როგორც რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მე, როგორც სახალხო დამცველს, არ მაქვს იმის მტკიცებულება, რომ მისი მკურნალობა საქართველოში არის გამორიცხული და შეუძლებელი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გადაცემაში სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თაობაზეც და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება „ბევრ რამეს შეცვლიდა“.

„გვარამიას შეწყალება ბევრ რამეს შეცვლიდა. თუნდაც, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია შესაძლოა ისეთი კრიტიკული არ ყოფილიყო, რომ არა ეს განაჩენი. ალბათ, ეს მათთვის იყო ბოლო წვეთი, რომ მედიის თავისუფლების საკითხებზე მიეღოთ რეზოლუცია და დებატები გაემართათ. ამ განაჩენმა გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ევროპარლამენტში იმ ძალიან კრიტიკული დებატების და რეზოლუციის მიღებას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადასადგმელად, შესაძლოა შესაფერის მომენტს ელოდება.

„შეიძლება, ის გარკვეულ, შესაბამის მომენტს ელოდება, ან ელოდება, რომ ეს საკითხი მოხსენიებული იქნება ხვალ კომისიის დასკვნაში, როგორც ერთ-ერთი რეკომენდაცია. შესაძლოა თვლის, რომ ეს პოლიტიკურად იქნება მისთვის უფრო არამომგებიანი გადაწყვეტილება. ერთი გადაწყვეტილება პროცესს, რა თქმა უნდა, ვეღარ შეცვლის, მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი იქნებოდა. არ მინდა, საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება-არ შეწყალებაზე გადის ეს ყველაფერი, ევროკავშირი ამის მიხედვით აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას, მან უბრალოდ შეხედა, როგორ იქცეოდა საქართველოს ინსტიტუტები“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.


ცნობისთვის, ექსპრეზიდენტის საქმეზე გასვლითი სხდომა, რომელიც კლინიკა „ვივამედში" უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.

„დღეს სხდომაზე გამოიკითხნენ ექიმები. მათ სასამართლოს მიაწოდეს [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია... მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ გაცემულ დოკუმენტში ტრანსპორტირების პრობლემა დასახელებული არ იყო და ის გულისხმობდა ჩვენების მიცემასა და პროცესში ადეკვატური მონაწილეობას", - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან.

ადვოკატი გასვლითი სხდომის კლინიკაში ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან, მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის პროცესში ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ გაიზიარა ადვოკატის ეს პოზიცია და თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული სხდომის კლინიკაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.