„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
„ვიმსჯელეთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე. შვედეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას, რაც საჭიროა თქვენი ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ძალიან ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მიეკუთვნება დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს“, – განაცხადა ანდრეას ნორლენმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ანდრეას ნორლენთან და შვედეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს ის გეგმებიც, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს.
„გაფართოებული შეხვედრა გაიმართა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ. შვედეთის მხრიდან გვაქვს ამ მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ზოგადად, რომ შევაჯამოთ სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტი, ოთხივე ქვეყნისგან გვაქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს კანდიდატობასთან და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტით, შევძელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე, პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI -ს შეხვდა. „პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და სწრაფვა მშვიდობიანი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მხარეებმა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა. აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. შვედეთის მეფის განცხადებით, შვედეთის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან“, - აღნიშნულია პარლამნტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.