NATO აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის ახალ მოდელს ამზადებს

NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, მოამზადონ ახალი თავდაცვის მოდელი ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, მადრიდში მომავალ სამიტზე დამტკიცდება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

”დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთანხმდებით მოდელზე. არამხოლოდ მოდელზე, არამედ იმაზე, რომ მოკავშირეები მზად არიან, უზრუნველყონ საჭირო ძალები, რათა შეავსონ ეს მოდელი შინაარსით, სიძლიერით, ძალებით, რომლებიც დაარწმუნებენ ყველა მოკავშირეს, რომ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს არამხოლოდ აღმოსავლეთში ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, არამედ, უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში“, - თქვა სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ალიანსმა გააორმაგა აღმოსავლეთში საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან რვამდე, ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე. საფრანგეთი ხელმძღვანელობს რუმინეთში საბრძოლო ჯგუფს და გაძლიერდნენ „სხვა მოკავშირეებიც". მოკავშირეები მზად არიან, კიდევ გაზარდონ საბრძოლო ჯარების რაოდენობა. სტოლტენბერგმა დააამატა, რომ ჯარი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს დანიშნულების ადგილი.

უფრო ადრე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილებოდა.


NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს