„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე ვიზალიბერალიზაცია სწორედ ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებია. „ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც გამოხატა ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.