ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა

ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

"ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე, დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია", - განაცხადა კობახიძე.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.


ასევე წაიკითხეთ:

პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს