ნიკა მელია: მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ. ეგუებით ოლიგარქს? კი, ბატონო

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს.

„მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა.

ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები. რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.


ასევე წაიკითხეთ:

პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს