დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე წერს.
„საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის, დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.