"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს რობერტა მეცოლა.


შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა.

ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. „უკრაინა უნდა მივიღოთ კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა.

კერძოდ, ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა საბჭოს მიმართ, რომ საქართველოს მისცეს ევროპული მომავალი, მაგრამ შეხედოს როგორ დააკმაყოფილებს პირობებს, ვიდრე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მისცემენ.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.