უკრაინის რადაში უმრავლესობის ლიდერმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მას რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოცხადებას დაჰპირდა. ამის შესახებ დავით არახამიამ აშშ-ში ვიზიტისას, ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში განაცხადა.
როგორც არახამიამ რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი გარკვეულწილად ახერხებს მისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების გვერდის ავლას. ხოლო თუკი აშშ-მ რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო, ეს მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლას გაურთულებს.
არახამია იმედოვნებს, რომ შესაბამის რეზოლუციას კონგრესი ოთხშაბათს უყრის კენჭს.
- „ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა 19 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.
ტერორიზმის სპონსორის სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია.